„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობა „კლიოს“ და „შემოქმედებითი ევროპის“ ერთობლივი პროექტის – „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა” – ფარგლებში ითარგმნა. რომანი ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა, რომელიც წლებია საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში გერმანულ ენას ასწავლის. მხატვრული ლიტერატურის თარგმნა თავდაპირველად მისი გატაცება იყო, თუმცა ნელ-ნელა ეს გატაცება გერმანული ენის ლექტორის პროფესიულ საქმიანობად ჩამოყალიბდა.

ჩართული ხართ პროექტში „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა“. რას ნიშნავს ეს პროექტი თქვენთვის, ქართველი მკითხველისთვის და საერთოდ, რა ფასეულობა აქვს მას?

– ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. სახელწოდებიდანვე ჩანს, მისი მიზანი რაც არის. ჩემთვის ეს ნიშნავს, დავუახლოვდეთ და უკეთ გავეცნოთ ევროპულ ღირებულებებს. ყველაზე დიდი ღირებულება კი ევროპაში ადამიანია. არა იდეალური, უნაკლო ადამიანი, რომელიც ბედნიერია, წარმატებულია, მდიდარია, არამედ ზოგადად ადამიანი, ყველანაირი ადამიანი თავისი ღირსებით და ნაკლით. ევროპაში სახელმწიფოებრივ დონეზე ეს იმაში ვლინდება, რომ კანონის წინაზე, ყველა თანაბარია განურჩევლად წარმომავლობისა, კანის ფერისა, რელიგიური მრწამსისა და ა.შ. მე ჩემი მრწამსით და ბუნებით ქრისტიანი ვარ და ეს ძალიან მომწონს. სახარების ერთ-ერთი მთავარი ცნებაც ხომ ეგ არის, რომ შენი მტერი უნდა გიყვარდეს. მტრის სიყვარული შენგან განსხვავებული ადამიანის სიყვარულს ნიშნავს, რომელსაც შეიძლება ბევრ რამეში არ ეთანხმებოდე, მისი ცხოვრების სტილი არ მოგწონდეს, მისი რელიგიის ან კულტურის არ გესმოდეს, მაგრამ შენი ყველაზე მაღალი ადამიანური მოვალეობაა, რომ ის შეიყვარო ან როგორც მინიმუმ, პატივი სცე მის განსხვავებულობას და არ მოინდომო ძალადობრივად მისი შენთვის დამსგავსება. რაც ეხება კონკრეტულად ლიტერატურის და ზოგადად ხელოვნების როლს ამ საქმეში, მიმაჩნია, რომ ეს როლი უზარმაზარია. რადგან ხელოვნება და შესაბამისად, ლიტერატურა ადამიანის ემოციებს ეხება, პოლიტიკა და მეცნიერება კი, მაგალითად, – გონებას. გონება კლიშეებით და სტერეოტიპებით აზროვნებს, ის თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად ჰყოფს სამყაროს, გულს კი უპირობო სიყვარული შეუძლია. ხელოვნება სწორედ გულზე გადის და ამიტომ მას შეუძლია ისეთი რამის მიღებაში, გაგებაში დაგვეხმაროს, რომელიც გონების და ლოგიკის საზღვრებს სცდება ანუ მაგალითად, მტრის, ჩვენგან განსახვავებულის შეყვარებაში.

– „ოდესღაც რბილ ბალახზე დარბოდი თურმე“ – თქვენი აზრით რას ეხება ეს წიგნი და თქვენი აზრით, რატომ უნდა დაინტერესდეს მკითხველი ამ ნაწარმოებით?
– წიგნი დიდი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ეხება. ზოგადად თუ ვიტყვით, ეს არის ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც მუდმივად საკუთარი თავის და ბედნიერების ძიებაშია. გოგონას ავსტრიელი მამა და ბელორუსი დედა ჰყავს. დედას ჯერ კიდევ ჩვილობაში ჰკარგავს, ცოტა ხანი ბავშვთა სახლში იზრდება, მერე კი მამა ერთ-ერთ პატარა ავსტრიულ სოფელში თავის დეიდას მიაბარებს აღსაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ პატარა მაიას სახლიც აქვს, საჭმელიც და ისეთი ადამიანიც ჰყავს, რომელიც მასზე ზრუნავს, სოფელში თანატოლ გოგონასაც დაუმეგობრდება, თავს მაინც უცხოდ და მარტოსულად გრძნობს. ამის მიზეზი, რასაკვირველია, პირველ რიგში ის არის, რომ მშობლების გარეშე იზრდება, მეორე მიზეზი კი ბელორუსული ენაა, რომელზეც დედა ესაუბრებოდა და ამ სოფელში არავის ესმის. სწორედ ამის გამო, მაია უცნაურ სიახლოვეს გრძნობს სოფელში მცხოვრებ პოლონელ ტყვესთან, მარეკთან: მათ ბევრი რამ აქვთ საერთო: ორივე უცხო ქვეყანაში ცხოვრობს, ორივე დედის გარეშე გაიზარდა/იზრდება და ორივესთვის გერმანული უცხო ენაა. წიგნი, ბევრს სხვა რამესთან ერთად იმასაც გვიჩვენებს, რომ 21 საუკუნეშიც, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა თითქმის აღარაფერია შეუძლებელი, ადამიანს სრულიად ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის: ეს არის მოყვარული მშობლები, საკუთარი იდენტობის ცოდნა და ა.შ.

– მწერალზე ხომ ვერ გვეტყვით რაიმეს?.. ალბათ სანამ წიგნზე მუშაობას დაიწყებდით, დაინტერესდით, ვინ არის, როგორ ცხოვრობს, როგორი ჟანრის ნამუშევრებით გამოირჩევა და ა.შ. და რამდენად რთულად წერს?
– კაროლინა შუთი პოლონური წარმოშობის ავსტრიელი მწერალია. ალბათ, ამიტომ აღწერს ასე ნატურალისტურად იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, ორი ქვეყნის, ორი კულტურისა და ორი ენის საზღვარზე ცხოვრობს. ის საკმაოდ წარმატებული მწერალია, ბევრი ჯილდოსა თუ პრიზის მფლობელი, მისი წიგნები 13 სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი. მე წილად მხვდა პატივი, მისი წიგნი პირველს მეთარგმნა ქართულ ენაზე. თარგმნის პროცესში მწერალთან მიმოწერა მქონდა. ოცნებობს საქართველოში ჩამოსვლაზე და იმედია, ეს მალე მოხერხდება.

– რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ამ წიგნზე მუშაობა? ზოგადად, მთარგმნელის როლზეც მინდა რამდენიმე სიტყვით ისაუბროთ.
– ეს ჩემი პირველი წიგნია, რომელიც ვთარგმნე. ამიტომ ის ყოველთვის განსაკურებული იქნება ჩემთვის. ზოგადად, ვფიქრობ, რომ არ არსებობს მარტივად სათარგმნი წიგნი, ყველა წიგნს თავისი სირთულეები აქვს. ენობრივად ამ წიგნში, მაგალითად, ის იყო რთული, რომ მწერალი თხრობისას ხშირად ცვლის გრამატიკული დროსა და კილოს და აქ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მთარგმნელი, რომ ასე ვთქვათ, არ ცდუნდეს და ეს სტილური თავისებურება ენობრივ ნორმებს არ მოარგოს, არ „გააჩვეულებრივოს“.
ზოგადად, თარგმნის პროცესი ორ ასპექტს მოიცავს: ტექსტის გაგებას და თარგმნას. ტექსტის გაგების დროს მთარგმნელი მუდმივად ბეწვის ხიდზე დადის, რადგან აქ არაერთი საფრთხე იმალება: ტექსტის არასწორი ინტერპრეტაცია, ასევე გადამეტებული ინტერპრეტაცია, როცა მთარგმნელი იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე ავტორმა დაწერა და მესამე, როცა მთარგმნელი საერთოდ ვერ ხედავს რომელიმე სტრიქონში ჩადებულ ქვეტექსტს და მას ნეიტრალურად თარგმნის. ტექსტის გაგებას თარგმნა მოსდევს, რაც არანაკლებ რთული პროცესია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამაზე საინტერესო საქმიანობა დედამიწაზე არ მეგულება, ძალიან შემოქმედებითია, თითქოს შენი ხელებით ძერწავ რაღაც დიდს და მნიშვნელოვანს.

– ენა და იდენტობა – ქართველი მკითხველისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა. ჩვენთვის ენა ქვეყნის თვითმყოფადობასთან ასოცირდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად უქმნის საფრთხეს გლობალიზაცია დღეს არსებულ ენებს?
– მგონია, რომ ენა ყველა ერისთვის ასოცირდება ქვეყნის თვითმყოფადობასთან. ვინაიდან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მუდმივად გადარჩენისთვის ვიბრძვით, ეს გრძნობა, ალბათ, განსაკუთრებით გამძაფრებული გვაქვს.
როგორც უკვე ვთქვი, წიგნის მთავარი გმირი ნახევრად ბელორუსი, ნახევრად ავსტრიელი გოგონაა, მაგრამ ბელორუსული მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მშობლიურია, ვიდრე გერმანული. თარგმნის დროს ხშირად ვეკითხებოდი თავს, რატომ. ალბათ, იმიტომ, რომ ბელორუსული დედის ენაა. უკვე აღვნიშნე, რომ მაია ჩვილობაშივე კარგავს დედას, როცა დედასა და შვილს შორის კავშირი განსაკუთრებით ინტენსიური და ძლიერია. მაიას დედა ამ ენაზე ეფერებოდა, ამ ენაზე ეუბნებოდა საალერსო სიტყვებს, ამ ენაზე უმღეროდა. ენასთან ერთად მაიამ ეს სითბო, სიყვარული და კავშირი დაკარგა. ამიტომაც ეძვირფასება ის განსაკუთრებულად. ჰგონია, რომ თუ ამ ენას დაიბრუნებს, დედის სითბოსა და სიყვარულსაც დაიბრუნებს.
რაც შეეხება გლობალიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეს, ვფიქრობ, რომ ეს საფრთხე არ არის, ეს უფრო თავგადასავალია ყველა ენისთვის. როგორც ჩვენ, ადამიანები, ვსწავლობთ ბევრს უცხო კულტურის ადამიანებთან ურთიერთობისას, ისე ისწავლის ქართულიც ბევრ რამეს სხვა ენებისგან და მათაც გაამდიდრებს. ენა ცოცხალი ორგანიზმია და ადამიანივით ალბათ ძალიან ძლიერი აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი. თუმცა ჩვენ, ჩვენი მხრივ, რასაკვირველია, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს პროცესი მარტივი და უმტკივნეულო იყოს.