„საჭიროა საკუთარ ენას ისე მოვუაროთ, როგორც ბაღში დარგულ უძვირფასეს ყვავილს…“
„შემოქმედებითი ევროპა“ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნასა და პოპულარიზაციას, გამომცემლობა „კლიოს“ პროექტი – „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა“ კი ქართველი მკითხველისთვის სწორედ თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციების გაცნობას ისახავს მიზნად. ახალგაზრდა ავსტრიელი მწერლის, კაროლინა შუთის რომანი –„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“, ამ პროექტის ფარგლებში ითარგმნა. ის გერმანულიდან ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა.
კაროლინა შუთი 1976 წელს, ავსტრიაში, ინსბრუკში დაიბადა. დაამთავრა გერმანული ფილოლოგიის, ასევე ანგლისტიკისა და ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტი. აქვს მუსიკალური განათლება. მისი სადოქტორო ნაშრომი ეძღვნება ნობელის პრემიის ლაურეატის – ელიას კანეტის ლიტერატურულ შემოქმედებას. შუთი წერს რომანებს, ლექსებს და რადიოპიესებს. გთავაზობთ კაროლინა შუთის ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც ის გულახდილად პასუხობს ჩვენი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს:
– 2015 წელს დაგაჯილდოეს ევროკავშირის ლიტერატურის პრიზით. ამ გამარჯვებამ თქვენს ცხოვრებაში რა შეცვალა?
– ნახსენები პრიზის გარეშე, წიგნს სავარაუდოდ, გაუჭირდებოდა იმ საერთაშორისო აღიარების მოპოვება, რომლითაც დღესდღეობით სარგებლობს. ნაწარმოები უკვე 16 ენაზეა თარგმნილი…
–თქვენი რომანი არის ქალზე, რომელმაც არაფერი იცის თავისი ფესვების შესახებ: დაკარგა მშობლები – დედა გარდაიცვალა და მამამ მიატოვა. აქვს თუ არა ამ ამბავს საერთო თქვენს ბიოგრაფიასთან?
–გარკვეულ ასპექტში, შესაძლოა, ასეც იყოს. დედაჩემი კონფლიქტისა და მძიმე ისტორიული წარსულის ქალაქიდან, ბიალისტოკიდან გახლავთ. ინსბრუკში 70-იან წლებში ჩამოვიდა, როცა ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი ქალი იყო. მამაჩემი პოლონელი დევნილის შვილია, იგი ჰანოვერის დევნილთა ბანაკში გაიზარდა. ჩემმა მშობლებმა საკმაოდ რთული გზა განვლეს ინსბრუკში ჩამოსვლამდე, სადაც საბოლოოდ შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს. მე „შემთხვევითი“ ავსტრიელი ვარ. 5 წლამდე ჩემი მშობლიური ენა პოლონური იყო. შემდგომ უბრალოდ ვალდებული ვიყავი, გერმანულად მელაპარაკა და დამავიწყდა კიდეც პოლონური. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ერთი სიტყვაც არ მესმის მშობლიურ ენაზე…
– ენა და იდენტობა – ქართველი მკითხველისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა. ჩვენთვის ენა ქვეყნის თვითმყოფადობასთან ასოცირდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად უქმნის საფრთხეს გლობალიზაცია დღეს არსებულ ენებს?
–გლობალიზაცია ჩვენი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვმოგზაურობთ, ვტოვებთ სამშობლოს, რათა ვისწავლოთ ან ვიმუშაოთ უცხო ქვეყნის მიწაზე – ბევრს, საერთოდ დევნილის სტატუსით უწევს საკუთარი სახლის დატოვება. ენა სამშობლოს ის ნაწილია, რომელიც ჩვენ ემიგრაციაში მიგვაქვს. ენა განსაზღვრავს ჩვენს ფიქრებსა და ქმედებებს, ის ჩვენი იდენტობის უზარმაზარ ნაწილს შეადგენს. ჩემი აზრით, ერთი მხრივ, მნიშნელოვანია უცხო ენის შესწავლა, რათა უცხოტომელთა გვერდით შევძლოთ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრება, თუმცა, მეორე მხრივ, საჭიროა საკუთარ ენას ისე მოვუაროთ, როგორც ბაღში დარგულ უძვირფასეს ყვავილს… და აქვე გეტყვით, რომ ე.წ. მსხვილი ენათა ჯგუფების გვერდით, უცილობლოდ ვგულისხმობ დიალექტებსა და უმცირესობების ენებსაც, რომლებიც დღესდღეისობით გადაშენების საფრთხის წინაშე არიან. არც ერთ ენას არ აქვს ნაკლები ფასი თუ წონა, გამომდინარე იქიდან, რომ მას ადამიანების შედარებით მცირე ნაწილი ყოველდღიურად იყენებს.
– ზოგადად, ადამიანთა მარტოობა მტკივნეულად აღიქმება; ეს თემა აქტუალურია თქვენს ნაწარმოებებშიც, და კიდევ –შიში; განცდა, რომელიც სულ თან სდევს თქვენს პერსონაჟებს…
– ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ფესვები დაკარგეს, ხშირად გამხდარან მარტოობის მსხვერპლნი, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა უცხო ქვეყანაში მოახერხეს ახალი ოჯახისა თუ მეგობრების პოვნა. პირადად მე, ხშირად მაქვს განცდა, რომ არ მივეკუთვნები იმ ადგილს, სადაც დღეს ვცხოვრობ, არადა, ინსბურკში ვარ გაზრდილიც და დაბადებულიც. მე უბრალოდ მენატრება ჩემი ბებიები, ბიძები, მამიდები… მენატრება ის ამბები და საფლავები, რომლებიც მათთან მაკავშირებს.
– მუსიკალური განათლება გაქვთ. რა როლს თამაშობს მუსიკა თქვენს ლიტერატურაში?
– ჩემს მწერლობაში მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მე ხშირად, „ყურებითაც ვწერ“. ენაში საკმაოდ ბევრი შესაძლო სიტყვათა შეთანხმებაა, რომელთა შორის არჩევანს უპირველესად, ფონეტიკური ჟღერადობის მიხედვით ვაკეთებ. გარდა ამისა, ჩემი მუსიკალური განათლება და მუსიკალური ფორმების ცოდნა მეხმარება მთელი რიგი ლიტერატურული პრინციპების გააზრებასა და შემდგომ მათ გამოყენებაში. მაგალითისთვის შემიძლია ის პრინციპი მოვიშველიო, რომლითაც ვადგენ კონკრეტული სიტყვის გამეორების ოდენობას ან იმგვარი ტექნიკების გამოყენების პროცესს, როგორიცაა: რონდო, ფუგუ ან სხვა.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ფრაზას მუსიკალური ჟღერადობა შესძინოთ. როგორ ფიქრობთ, თარგმანში ამ ჟღერადობის შენარჩუნება შესაძლებელია?
– მე მჯერა, რომ თარგმნა ტექსტის თავიდან შექმნის პროცესია. ჩემი წიგნის თარგმანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი სიმსუბუქე ჟღერადობაში, თუმცა დაბრკოლებები, რომლებიც ამ პროცესში წარმოიქმნება, ბუნებრივია, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა ენაში განსხვავებულად უნდა გადაიჭრას. ამასთან, ვფიქრობ, ყოველთვის სჯობს თარგმანში პოეტურობისა და ჟღერადობის შენარჩუნება თუნდაც, ორიგინალის კონკრეტული დეტალის დაკარგვის ხარჯზეც კი.
– ალპინიზმით ხართ გატაცებული. ბევრისთვის მწვერვალზე ასვლა საკუთარი თავის ძიებაა. თქვენ რა გიზიდავთ მთებში?
– თუ შენ ცხოვრობ მთებით გარშემორტყმულ პატარა ქალაქში, უბრალოდ ვალდებული ხარ, დალაშქრო ეს მწვერვალები, რათა მთელი სიდიადით შეიგრძნო სამყაროს ზომა და ჰორიზონტი. ამას გარდა, მთამსვლელობა უპირველესად, თავად დედამიწასთან მაკავშირებს. როცა ამას ვამბობ, არ ვლაპარაკობ ეზოთერიკული გადმოსახედიდან, ყველა ჩემი სიტყვა ბუნებრივი ემოციის ნაწილია; ვერაფერი შემიცვლის იმ განცდას, რომელსაც თბილ ქვაზე ხელის შეხების დროს განვიცდი. ამას დავამატოთ ის უსასრულო თავისუფლებისა და მშვიდობის განცდა, რომელსაც ტექნოლოგიებისგან შორს ყოფნა მანიჭებს. ამ დროს მგონია, რომ რაღაც მასშტაბური მარტყამს გარსს და მეც მისი მხოლოდ უმცირესი ნაწილი ვარ… დაბოლოს, გეტყვით, რომ მადლობელი ვარ თითოეული იმ წამისთვის, რომელიც მთების წიაღში მაქვს გატარებული.
– ვფიქრობ, საქართველო ამ მხრივაც საინტერესო იქნება თქვენთვის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ალპინისტებისთვის მიმზიდველი და რთულად დასალაშქრი არაერთი მწვერვალია. გსმენიათ რამე საქართველოზე?
– რა თქმა უნდა, მსმენია! პირველად ქართული ლანდშაფტისა და კულტურის შესახებ ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმიდან შევიტყვე და მაშინვე მთელი გულით შემიყვარდა. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა პირადად მექნება ქართველ ხალხთან შეხვედრის, თქვენი მუსიკის მოსმენის, ქართული ლიტერატურის უკეთ გაცნობისა და უძველესი მონასტრებისა თუ მთების პირადად ნახვის შესაძლებლობა. აქვე, არ მავიწყდება ქართული კულინარია, რომელიც ჩემი ინტუიციით, ასევე გამორჩეულად კარგი უნდა იყოს.
– წარმატებებს გისურვებთ! სიამოვნებით გიმასპინძლებთ და დაველოდებით თქვენს ახალ წიგნს.
– მეც ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში თქვენთან პირადად შეხვედრის საშუალება მომეცემა. ქართველებს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!
სურათზე: კაროლინა შუთი, სიმონ რაინერის ფოტო