2021 წლის 24-27 ივნისს ჩატარდა თბილისის XXIII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც სტუმრებს ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე მასპინძლობდა. 

ფესტივალის ფარგლებში 26 ივნისს ექსპო ჯორჯიას საპრეზენტაციო სივრცეში გაიმართა პრეზენტაცია, სადაც გამომცემლობა „კლიომ“ წარადგინა ევროკავშირის შემოქმედებითი პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ და გამომცემლობა „კლიოს“ ერთობლივი პროექტი — „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“.

პრეზენტაციას უძღვებოდა პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ ნინიკაშვილი, რომელმაც „შემოქმედებით ევროპის“ საქმიანობის შესახებ ილაპარაკა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში უკვე გამოცემული წიგნები წარუდგინა. პროექტის ხელმძღვანელმა ირმა ლიპარტელიანმა პროექტის განხორციელების ეტაპებზე და გამოცემების შერჩევის სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ევროპული ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა და ქართველი მკითხველისთვის ევროპული ლიტერატურის უახლესი ტენდენციების გაცნობა.

ახალ გამოცემებზე ისაუბრეს მთარგმნელებმა ცისანა ბიბილეიშვილმა (ქეთევან დავრიშევის წიგნების მთარგმნელი) და ქეთევან ნიკოლაძემ (კაროლინა შუთი, „ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“), ასევე რედაქტორმა გიორგი ლობჟანიძემ (დაჩა მარაინი, „გოგონა და მესიზმრე კაცი“). პრეზენტატორებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიახლეების თარგმნა და გამოცემა საშუალებას გვაძლევს, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე  ევროპული ლიტერატურის ტენდენციებს და საერთო ევროპული ოჯახის წევრებად ვიგრძნოთ თავი.

პრეზენტაციამ სასიამოვნო და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა.

This site is registered on wpml.org as a development site.