ძვირფასო მეუღლევ, ღვთის უდიდესო საჩუქარო

სამხრეთის მაღალმთიანეთსა და სიბნელეში მოგზაურობის შემდეგ, ღვთის შეწევნით, ძმებმა მშვიდობით მივაღწიეთ მღვიმეს. ცოცხალი რომ დავრჩით, ნამდვილი სასწაული იყო; მთებში ყველაზე სასტიკ ქარიშხალში მოვყევით. ძვირფასო ტორუნ, ამ ჩემს ნაჩხაპნს მალე გადავცემ იმ კაცს, რომელიც აქ, გამოქვაბულში გაჩერდა; ამბობს, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაივლის სკაგაფიორდურში. ბრგე კაცია, დიდი წითელი შალის ანაფორა აცვია, შვილი მხრებზე ჰყავს შემოსმული და ისე დაჰყავს, წიგნებს ყიდის, თუმცა თავად წერა-კითხვის უცოდინარია. ამით იცნობ. კრისტოფერი ჰქვია და დამპირდა, რომ წერილს გადმოგცემს. გასამრჯელოდ რიქს დოლარიც მივეცი. ერთი სიტყვით, თუ ამ გზავნილს მიიღებთ, ეს იგი, გადავურჩით თოვლის ქარბუქს კიოლურში და გამოქვაბულამდე ჩავაღწიეთ.


დედამიწა ერთი ცოცხალი სხეულია. ტორუნ, რა მტკივნეულია განშორება შენთან და ჩვენს დალოცვილ პატარასთან, რომელიც შენს სხეულში სახლობს. დაე, ყოვლადმოწყალე უფალი და სათნო ბებიაქალი იყოს შენს გვერდით, როდესაც ჩვენი პირმშო მოისურვებს, მოევლინოს ამ მოსაწყენ მიწიერ საცხოვრისს. ჯერჯერობით წერილობით შეტყობინებებს უნდა დავჯერდეთ და ვენდოთ მათ, ვინც საშიში და ცივი ამინდებისა თუ ჩრდილოეთის მკაცრი პირობების მიუხედავად, მთელ ქვეყანაში მოგზაურობს. განა შერიფ სკულს არ უხსენებია ვიღაც კურიერები?.. ამ ქვეყანაში არავის უნდა ფოსტალიონობა, გარდა ახირებული, უცნაური ადამიანებისა და მაწანწალებისა. კარგი იქნება, თუ ეს ვითარება გამოსწორდება. რამდენადაც ვიცი, სკული, გარკვეულწილად, მუშაობს ამ საკითხზე და გრაფებთან ერთად განიხილავს კოპენჰაგენში. იქ ფოსტალიონები დიდი პატივით სარგებლობენ, მეფის მკერავების ხელით შეკერილი, თუნუქის ღილაკებითა და აბრეშუმის ლენტებით დამშვენებული უნიფორმა აცვიათ, თავზე ქუდები ხურავთ, ცხენზე ამხედრებული დადიან, საყვირით ხელში! კარგ ჯამაგირსაც იღებენ მოგზაურობისთვის. ჰამბურგში კი ტაქსები ჰყავთ, რომლებიც მთელს გერმანიაში დაქრიან!


აქ, სამხრეთით, კატლა ცეცხლსა და ფერფლს აფრქვევს მირდალურს და იმდენი ქვიშა და ნაცარი ცვივა ციდან, რომ შუადღისას სულ მთლად ბნელდება. გარდა ამისა, ამინდი ნოტიოა, თოვლ-ჭყაპიანი და როდესაც ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის, გეგონება ნაცრის ღრუბლიდან სქელი, შავი მელანი წვიმსო. მერე ყინვაში ჭანჭყობი მიწას ეყინება და მთელი ეს მხარე სპილენძისგან ჩამოსხმულს ჰგავს. ქვიშრობი თანაბრადაა განაწილებული, როგორც მკაცრ, თოვლიან ზამთარში იცის, დიდი შავი ნამქრის მთები კი მიწას კაშკაშა მწვანე უდაბნოდ აჩენს. ქარი რომ დაუბერავს, ფერფლი ყველა ჭუჭრუტანაში აღწევს და პროდუქტს აფუჭებს. ვერც პირუტყვი იტანს ნისლს, თვალები ეწვის. ღვთის ნებით, ეს ყველაფერი დასრულდება, გაიფანტება, წვიმა გადარეცხავს და ჩვენ კვლავ გაზაფხულის ნაზ საძოვრებზე აღმოვჩნდებით. აი, მაშინ კი, ქუდში ბაბუაწვერას ჩავიმაგრებ და გაკოცებ!

ასევე იხილეთ

„ისლანდია ჩემის ინსპირაციის უშრეტი წყაროა“

„ისლანდია ჩემის ინსპირაციის უშრეტი წყაროა“

სულ ახლახანს პროექტის „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“ კიდევ ერთი ახალი გამოცემა - თანამედროვე ისლანდიელი მწერლის, ოფეიგურ სიგურდსნობის „იუონის წიგნი“ შეემატა. წიგნი ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა „კლიოსა“ და „შემოქმედებითი ევროპის“ თანამშრომლობის ფარგლებში. პოეტი...

„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

გამომცემლობა "კლიოს" პროექტი - "დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას" მიზნად ისახავს ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციების გაცნობას. წიგნებში, რომლებიც პროექტის ფარგლებში ითარგმნა, ერთ-ერთი გამორჩეულია "სულჩადგმული მარმარილო", რომლის ავტორი...

კლასიკურ საფუძველზე ამოზრდილი დიდი ლიტერატურა

კლასიკურ საფუძველზე ამოზრდილი დიდი ლიტერატურა

„გოგონა და მესიზმრე კაცი“ – წიგნი დღევანდელი კაცობრიობის სამარცხვინო ლაქაზე ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებით ევროპის“ მხარდაჭერით გამომცემლობა „კლიო“ უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში, სხვა ნაწარმოებებს...

This site is registered on wpml.org as a development site.