„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

გამომცემლობა “კლიოს” პროექტი – “გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა” მიზნად ისახავს ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციების გაცნობას. წიგნებში, რომლებიც პროექტის ფარგლებში ითარგმნა, ერთ-ერთი გამორჩეულია “სულჩადგმული მარმარილო”, რომლის ავტორი – ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე დღეს მოღვაწე ლიეტუველ მწერლებს შორის ერთადერთია, ვისი რომანიც ინგლისურ ენაზე ითარგმნა. ეს ფაქტი, თავისთავად, ღირებულს და საინტერესოს ხდის მის წიგნს, რომელშიც დრამატულად და, ამავდროულად, პოეტურად არის მოთხრობილი ამბავი სიყვარულზე, ოჯახზე, სიცრუესა და სიკვდილზე.

ყველაფერი იწყება იმით, რომ იზაბელი რთული ხასიათის ბიჭს იშვილებს. ახალი წევრის შემოსვლა არღვევს ოჯახის მყიფე წონასწორობას, ხსნის ღრმა კრიზისს და მკითხველი ამ ოჯახის რღვევის მოწმე ხდება.

ეს არის რომანი, რომელიც შეუმჩნევლად აპარებს მკითხველს დიდ საფიქრალს. თხრობის სტილი, რომელიც დასაწყისში სადა და უბრალოა, საკმაოდ ორაზროვანი გახლავთ. საბოლოოდ, მკითხველი ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და ღრმა ფსიქოლოგიური დრამის მოწმე ხდება.

სულჩადგმული მარმარილო” ქართულ ენაზე ქალბატონმა ნანა დევიძემ თარგმნა.

– ნებისმიერი ასეთი პროექტი საინტერესოა, თანაც – საჭირო. ასეთი პროექტები შესაძლებლობას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ევროპულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს. თარგმანების მეშვეობით ჩვენ ერთმანეთს ვეცნობით და თან, ვამდიდრებთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს პროექტები ისეთი პატარა ერებისათვის, როგორიც ჩვენ, ქართველები და ლიეტუველები ვართ, რადგან ეს არის ერთ-ერთი გზა ჩვენი ლიტერატურის პოპულარიზაციისა… ჩვენ ძალიან გვიყვარს ლიეტუველები და იმათაც ვუყვარვართ, მაგრამ ამ სიყვარულს საკვებიც ხომ სჭირდება? ურთიერთგაცნობის საუკეთესო საშუალებას სწორედ ამ ტიპის პროექტები იძლევა.

– ქალბატონო ნანა, ერთადერთი ქართველი ხართ, რომელიც ლიეტუვურიდან თარგმნით წიგნებს. რისი თქმა შეგიძლიათ ლიეტუვურ ლიტერატურაზე?

– დიახ, სამწუხაროდ, ეს მართალია, მხოლოდ მე ვთარგმნი ლიეტუვურიდან. ადრე ლიეტუვური ენის მცოდნენი არ გვყავდნენ. ახლა წამოვიდა თაობა, რომელიც სიამოვნებით სწავლობს უცხო ენებს, მაგრამ მხოლოდ ენის ცოდნა არ კმარა იმისთვის, რომ თარგმნას მოჰკიდო ხელი. მთარგმნელი უპირველესად, ძალიან კარგად უნდა ფლობდეს მშობლიურ ენას. იცოდეს და გრძნობდეს ლიტერატურას. ბევრს ეს იოლი ჰგონია, არადა სერიოზული და თანაც, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. იმედს არ ვკარგავ, რომ მალე ვინმე გამოჩნდება, ვისაც ენების ცოდნასთან ერთად, ამ საქმის დიდი სიყვარული ექნება, სხვანაირად არაფერი გამოვა. რაშიც გული არ დევს, კაპიკიც არაა მისი ფასი.

ლიეტუვური ლიტერატურა ქართულის მსგავსად, თხუთმეტსაუკუნოვანი არ არის. პირველი ლიეტუვური წიგნის ავტორი გახლავთ მარტინას მაჟვიდასი. ეს იყო რელიგიური ხასიათის წიგნი „კატეხიზისი“,    პირველად სწორედ ამ წიგნში იქნა გამოყენებული ლიტვური ანბანი. წიგნი დაიბეჭდა 1547 წელს. ხოლო პირველი საერო ლიტერატურის ნიმუში გახლავთ კრისტიონას დონელაიტისის პოემა „წელიწადის დრონი“. ავტორი 1780 წელს გარდაიცვალა, ხოლო პოემა პირველად გამოიცა 1881 წელს. ამ პოემის ქართული თარგმანი ეკუთვნის პოეტ რევაზ მარგიანს.

საბჭოთა პერიოდი ძალიან მძიმე იყო, როგორც ქვეყნისათვის, ასევე ლიეტუვური ლიტერატურისათვის. ეს ძალიან დიდი, საინტერესო და რთული თემაა და აქ ამისთვის არც დრო და არც ადგილი არ გვეყოფა, მაგრამ ერთს კი დავესესხები ლიტერატურათმცოდნეებს და გეტყვით: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ცვლილეებების ის ტემპი, რომელიც განიცადა ლიეტუვურმა ლიტერატურამ, თანაც ყოველმხრივი: ხარისხობრივი, შინაარსობრივი თუ სტრუქტურული, არაფერს შეედრება. დანარჩენს კი  დრო გვიჩვენებს.

–  „სულჩადგმული მარმარილო“ -ამ წიგნზე რას გვეტყვით: რას ეხება ის და თქვენი აზრით, რატომ უნდა დაინტერესდეს მკითხველი ამ ნაწარმოებით? რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ამ წიგნზე მუშაობა? ზოგადად, მთარგმნელის როლზეც მინდა რამდენიმე სიტყვით ისაუბროთ. 

_ ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს. ეს წიგნიც მწვავე ცხოვრებისეულ პრობლემებს ეხება. ჩვენს დროში, როცა ყველანი სადღაც მივიჩქარით, როცა საურთიერთო დრო აღარ გრჩება არა მარტო ახლობელ-მეგობრებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი, ეს იწვევს სიყვარულის დეფიციტს. ადამიანი კი სიყვარულისთვისაა შექმნილი და როცა სითბოს ვერსაიდან და ვერავისგან იღებს, იწყება პრობლემები. წიგნი თითქოს და სიყვარულით შექმნილი ოჯახის ისტორიას გვიყვება. ბატონ ბესიკ ხარანაულს დავესესხები: „ადამიანი გაჩენილია სიხარულისთვის, აყვავებული ბუნების წინ როგორ ვიტიროთ? …თუ კაცმა ქალს უყურა, როგორც მარმარილოს, თუკი სიყვარულის გრძნობა დაეკარგა?.. …ბალახისმძოველი პირუტყვივით გადივლის კაცი, თუკი აღარ იქნა მასში სიყვარული“. ვფიქრობ, დანარჩენი წასაკითხად და საფიქრალად მკითხველს დავუტოვოთ.

ლაურა ჩერნიაუსკაიტე  ცნობილი  მწერალი გახლავთ. მან სკოლა 1994 წელს დაამთავრა და მოთხრობების პირველი კრებულიც იმავე წელს გამოიცა – მაშინვე აღიარეს ძალიან საინტერესო პროზაიკოსად. ლაურასთან ეს ჩემი პირველი შეხვედრა არ გახლავთ. მანამდე მისი მოთხრობები მაქვს თარგმნილი.

ვაღიარებ, საინტერესო იყო. ტექსტი არ გახლდათ ადვილი სათარგმნი. თხრობის გარკვეულწილად იმპრესიონისტული სტილი, დაუმთავრებელი ფრაზები, მინიშნებები, მოულოდნელი გადასვლები – ამის მოხელთება და ქართულად გადმოტანა ბევრ მუშაობას ითხოვდა. როგორ გავართვი თავი, ეს მკითხველმა განსაჯოს.

მთარგმნელის როლი, ვფიქრობ, განუზომელია. სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ მიაწვდის ის ორიგინალის ენის არმცოდნე მკითხველს ნაწარმოებს. გასაგებია, როცა ორიგინალში კითხულობ, იქ მწერლის წერის მანერას, სტილს – ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ის ამ გზით ემოციურად ზემოქმედებს მკითხველზე. ენას თავისი დიდი მაგია აქვს. მახსოვს, ბატონ დავით წერედიანის მიერ თარგმნილი ფრანსუა ვიიონის „ანდერძი“ რომ წავიკითხე, ყველას ვეხვეწებოდი: ამიხსენით, მართლა ასეთი ძლიერია ფრანსუა ვიიონი თუ ეს ბატონი დავითის დამსახურებაა-მეთქი?! იგივე დამემართა ბატონ თამაზ ჩხენკელის მიერ თარგმნილ პოეტურ შედევრებზე. ფედერიკო გარსია ლორკას „სხვისი ცოლის“ მისეულ თარგმანზე აღარაფერს ვამბობ. ბატონ ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანებს გადახედეთ. ჩვენ უბრწყინვალესი მთარგმნელები გვყავდა და გვყავს. მე მადლობელი ვარ განგების, რომ ამ საქმეს მაზიარეს, შემაყვარეს და დამაოსტატეს ბატონებმა: ზურაბ კიკნაძემ,  გიორგი ნიშნიანიძემ და ქალბატონმა თამარ ერისთავმა. მადლობელი ვარ ბედის, განგების, რომ სრულიად ახალგაზრდა ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი, როგორებიც არიან და იყვნენ: ბატონები მიშა ქვლივიძე, ჯემალ აჯიაშვილი, იურა ბაქრაძე, ლერი ალიმონაკი, გიგუშა შახნაზარი, რომლებიც მაშინ ახალბედა მთარგმნელს მაქეზებდნენ და დაოსტატებაში მიწყობდნენ ხელს.

საერთოდ, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. თუ ცოტა დამიგვიანდა, ანუ ერთ წიგნს რომ დავამთავრებ, სანამ მეორეს დავიწყებ, ვერ ვისვენებ. და კიდევ რაა, იცით, ყველაზე დიდი ბედნიერება? ლექსიკონებში რომ იქექები და უცებ დავიწყებული, მაგრამ „ნაცნობი სიტყვა რომ შემოგცინებს უცებ ბალღივით…“, ან აქამდე რომ არ მიგიქცევია ყურადღება და აღმოაჩენ, თურმე ეს სიტყვა რამდენ რამეს იტევს და მერე ისიც ადგება, ძალდაუტანებლად  მიაგნებს თავის ადგილს ტექსტში და მომხიბვლელობას შემატებს თარგმანს – აი, მაშინ ხარ ძალიან ბედნიერი. მოკლედ, ჩემი საქმიანობა  ჩემი ფაქიზი, მთრთოლავი ნეტარეებაა. ყველას ვუსურვებ, თავის საყვარელ საქმეს მიაგნოს!

ჟურნალი „გზა“, #50, 2021


http://gza.kvirispalitra.ge/kveqana/9169-cigni-romelic-amagelvebeli-da-grma-psikologiuri-dramis-mocmes-gagxdis/

ასევე იხილეთ

„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„სულჩადგმული მარმარილო“ თანამედროვე ლიეტუველი მწერლის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანია, რომელმაც 2009 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მასში აღწერილია იზაბელეს ამბავი, რომელიც რთული ხასიათის ბიჭს იშვი­ლებს. ახალი წევრის შემოსვლას ოჯახში,...

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის მოთხრობების კრებულია, რომელმაც 2013 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. მასში ავტორი ჩვენს თანამედროვე ყოფას აღწერს, სადაც თითოეული გმირი ეძებს შთაგონების შესაძლებლობას, მაგრამ...

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობა „კლიოს“ და „შემოქმედებითი ევროპის“ ერთობლივი პროექტის - „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა” - ფარგლებში ითარგმნა. რომანი ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა, რომელიც წლებია საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში...

This site is registered on wpml.org as a development site.