ახლა ისე მიიწევდა წინ, ვერ გაეგო, საით და რატომ მიდიოდა. თუმცა ყველაფერი, რაც წლობის განმავლობაში მასში მწიფდებოდა, ამჯერად უკვე იცოდა, რაც იყო და იმას ასდევნებოდა.
სხვა გზა არ ჰქონდა, უბრალოდ, უნდა დამორჩილებოდა სწრაფვას, რადგანაც ამ ნათელში მას წინასწარვე ეპატიებოდა ყველაფერი.
მზეზე გავარვარებული ქვები ბალახში ფეთქავდნენ. ის სუნი გაიხსენა…. მხურვალე სხეულის სუნი, როცა სამზარეულოში საღამოხანს ყელის ნაკეცებში ჩაუყო ცხვირი… პირველად მაშინ იგრძნო ნერვიული, მხურვალე, ჩუხჩუხა სისხლის ბილიკის გამალებული დენა.
– რა, რა ამბავია, რაშია საქმე… – აჩურჩულდა ის მაშინ, ოღონდ თვალი არ მოუშორებია წიგნისთვის. ქალი იშვიათად ეხებოდა, თვითონაც იშვიათად თუ მოჰკიდებდა ხელს, რატომღაც გრძნობდა, რომ ამის ნება არ ჰქონდა.
– რა გჭირს ? – ჩურჩულებდა ქალი გვიანი საღამოს ღონემიხდილი, მინავლებული ხმით, – რამის თქმა გინდოდა?
ქალს ამ დროს ყოველთვის ეძინა.
– არაფრის!..
– თუ არაფრის, მაშინ წადი და დაიძინე, შენს ძმას უკვე სძინავს.
ის ჩემი ძმა არ არის.
ის არ არის ჩემი ძმა… და, საერთოდაც, არავინ არაა ჩემი ძმა! მე ჰაერიდან დაბადებული სიბრძნე ვარ!
….
თეთრმა პორშემ სიჩქარეს უკლო და შეჩერდა. უმალ იგრძნო, მის გამო, მაგრამ თითქოს ვერ შეამჩნია, ნაბიჯი არ შეუნელებია… მანქანა ნელი სრიალით დაეწია და მაშინვე წინა კარიც გაიღო.
– შორს გაგიწევია, დაჯექი, წაგიყვან?!
დაფრთხა, ის ეგონა… ღია ფერის კოსტუმით, საფეთქლებთან მზით მოვარაყებული თმით და სურნელით, იმ სურნელით!.. კიდევ ბზინვარე წინდაში გამოკრული ტერფით. ამასაც იმასავით შიშველი ფეხი ედო პედალზე. უსაფრთხოების მიზნით ყველა დეტალი შენიშნა და დაიმახსოვრა. თან ისე გაწითლდა, წამით თვალთ დაუბნელდა… დაუჯერებელი ჩანდა, ამდენი წლის შემდეგ, თანაც ამ პორშეში რომ ეს ქალი ის ყოფილიყო. ეს სუნიც, ოდნავ მსგავსი ხმის ტემბრი, კბილის გვირგვინებივით საჭეს შემოწყობილი თითების წვრილი ფალანგები…მიხვდა, ილუზია იყო და გაჩერებულ მანქანაში წინა სკამზე, ქალის გვერდით ჩაჯდა.