ისტორიის საკვანძო მომენტები უდიდეს ბრძოლებთანაა დაკავშირებული. ასეთი ბრძოლები იმართება იმ დროს და იმ ადგილებში, სადაც კულტურებისა და იდეოლოგიების შეჯახება ხდება. ჩვ.წ.აღ-მდე 490 წლის მარათონის ბრძოლამ გვიჩვენა, რომ ბერძნულ ცივილიზაციას ჩამოყალიბების პროცესშივე შესწევდა აღმოსავლური ძალის მოგერიების უნარი; სამაგიეროდ, ჩვ.წ.აღ-მდე 334 წელს გამართული გრანიკუსის ბრძოლა იმის მანიშნებელი იყო, რომ დიდი აღმოსავლური იმპერიის ბედის ბორბალი მისთვის უკუღმა ტრიალს იწყებდა. ეს იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იმ ჭიდილის დასაწყისი, რომელიც მთელ შემდგომ ისტორიას გასდევს და დღემდე გრძელდება. ზოგიერთი ბრძოლა უდიდესმა მხედართმთავრებმა მოიგეს. ალექსანდრე დიდის, იულიუს კეისრის, მარლბოროს, ვულფის, ნაპოლეონის, ვაშინგტონის, გრანტისა და სხვა გამარჯვებულთა სახელები ექოსავით გასდევს საუკუნეებს. ზოგიერთი ბრძოლის შედეგი კი ახალმა ტექნოლოგიებმა განაპირობა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნში აღწერილი ყველა ბრძოლა ისტორიისათვის გადამწყვეტი იყო. რომელიმე მათგანი სხვა შედეგით რომ დამთავრებულიყო, დღეს მსოფლიო სრულიად განსხვავებული იქნებოდა. და ვერც ერთი მათგანის შედეგს წინასწარ ვერავინ განჭვრეტდა.
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა გურამ აბაშიძემ.