ნაშრომში თავმოყრილია გამოკვლევა საქართველოში სხვადასხვა დროს მცხოვრები და მოღვაწე 1213 სათავადაზნაურო გვარის შესახებ, რაც ფაქტობრივად პირველად მოხდა. წიგნის ფურცლებზე ერთმანეთს ენაცვლებიან საქართველოსა და ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის სამსახურში ერთგულად მდგარი საგვარეულონი, რომელთა შორის გამოირჩევიან: 1) ბაგრატოვანთა განშტოებანი – მუხრანბატონიშვილნი, დავითიშვილნი; 2) მთავარნი – გურიელნი, დადიანნი (პირველი სახლი), ჩიქოვან-დადიანნი, გელოვანნი, დადეშქელიანნი, შარვაშიძენი; 3) თავადნი (ჩამოვთვლით ანბანურად) – აბაშიძენი, ავალიშვილნი, ამილახვარნი, ამირეჯიბნი, ანდრონიკაშვილნი, აფხაზნი, ბარათაშვილნი, გურამიშვილნი, ერისთავნი (არაგვისა და ქსნის), ვაჩნაძენი, მაყაშვილნი, ციციშვილნი, ჩოლოყაშვილნი, წერეთელნი, ჭავჭავაძენი, ჯავახიშვილნი, ჯამბაკურ-ორბელიანნი, ჯანდიერნი, ჯორჯაძენი…
ამ სოლიდური წიგნის ავტორი გახლავთ ცნობილი ქართველი მეცნიერი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი როლანდ თოფჩიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ და მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ემსახურებოდა. ამავდროულად ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს. ამჟამად იგი სათავეში უდგას კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ნახევარი საუკუნეა მუშაობს. როლანდ თოფჩიშვილი ავტორია მრავალი საყურადღებო გამოკვლევისა, მათ შორის 50-ზე მეტი წიგნისა.
„საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორია“ ავტორის მორიგი სამეცნიერო გამარჯვებაა, რისთვისაც ის ქართველი საზოგადოებისგან გულწრფელი მადლობის ღირსია. ასევე მადლობას იმსახურებენ წიგნის რედაქტორები ზაზა ხიდურელი და ლევან თაქთაქიშვილი. ამ წიგნის გამოცემით ჩვენს ისტორიოგრაფიას უაღრესად საყურადღებო სამეცნიერო გამოკვლევა შეემატა, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს საქართველოს წარჩინებულ გვართა ისტორიის ერთ მთლიანობაში შესწავლა-წარმოჩენაში.
ვულოცავთ ღვაწლმოსილ მეცნიერს ამ შესანიშნავი წიგნის გამოცემას, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.
ჟურნალი „ისტორიანი“, 2021 წლის ივლისი