შემოქმედებითი ევროპა (Creative Europe) არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების წახალისებას. ლიტერატურული თარგმანის კონკურსი ამ პროგრამის ნაწილია. ის მხარს უჭერს თანამედროვე ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნასა და პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მკითხველისთვის მაღალი ხარისხის ევროპული მხატვრული ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.
გამომცემლობა „კლიოს“ პროექტი – გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა (Get To Know Literary Europe) – მიზნად ისახავს ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციების გაცნობას.
წიგნები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ითარგმნება, სწორედ ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით შეირჩა: მათგან ოთხი – კრისტიან კრუსატის „მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“, კაროლინა შუთის „ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“, ოფეიგურ სიგურდსონის „იუონი“ და ლაურა ჩერნიაუსკაიტეს „სულჩადგმული მარმარილო“ – ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელია; ემი ლიპტროტის „ღამის შუქურებს“ არაერთი ლიტერატურული პრიზი აქვს მიღებული; დაჩა მარაინი კი საქვეყნოდ აღიარებული იტალიელი მწერალია, რომელიც რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე და ვფიქრობთ, მისი რომანი „გოგონა და მესიზმრე კაცი“ გულგრილს არ დატოვებს მკითხველს.
რაც შეეხება პროექტის საბავშვო გამოცემების ავტორს ქეთევან დავრიშევს – ის ქართული ემიგრაციის წარმომადგენელია და ჩვენ მიერ შერჩეული წიგნების მხატვრული ღირებულების გარდა, ქართველი მკითხველისთვის ეს ფაქტორიც არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველი იქნება.