„მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის მოთხრობების კრებულია, რომელმაც 2013 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. მასში ავტორი ჩვენს თანამედროვე ყოფას აღწერს, სადაც თითოეული გმირი ეძებს შთაგონების შესაძლებლობას, მაგრამ გარემო­ებას შეგუებულებს, ეფექტური ქმედების განხორციელება არ ძალუძთ, თუმცა ელოდებიან ცვლილებებს, რადგან აცნობიერებენ, რომ უძრაობა ნელი სიკვდილია, რომელიც ყველგან თან დაგვყვება, იქნება ეს უკაცური შარაგზები, ცარიელი სადგომები თუ ტურისტების სავსე სასტუმროები. წიგნი ესპანურიდან რამაზ ხატიაშვილმა თარგმნა.

ესპანურიდან არაერთი წიგნი გაქვთ თარგმნილი. რითი იყო გამორჩეული კრისტიან კრუსატის „მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“? რას იტყოდით ავტორის სტილზე?

— ორიგინალობით. არ ჰგავდა სხვა წიგნებს, რომლებიც მანამდე მითარგმნია. რაღაცით ლათინოამერიკულ ლიტერატურას მაგონებდა, როდესაც მწერალი ბოლომდე არ ამბობს სათქმელს და მკითხველი თავად უნდა მიხვდეს. თუმცა, რაღაცა თავისებური და გამორჩეული აქვს კიდევ, ამავე დროს. ისეთი წიგნია, რომელიც წაკითხვის შემდეგ კიდევ დიდხანს დაგაფიქრებს და ალბათ კიდევ რამდენჯერმეც წაგაკითხებს თავს. უნიკალური, გამორჩეული სტილი აქვს. არ ჰგავს სხვა მწერლებს. აქედან გამომდინარე იოლი სათარგმნი წიგნი არ იყო, გარკვეული მომენტები რთული აღსაქმელია, სანამ მწერლის სტილს მიეჩვევი.

რა არის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო თარგმნის პროცეში?

— როდესაც ვიაზრებ, რომ ჩემს ნათარგმნს ადამიანები წაიკითხავენ და მორიგ კარგ წიგნს ეზიარებიან.

— გაქვთ თუ არა რაიმე წესები ლიტერატურულ თარგმანზე მუშაობის დროს?

— არ მიყვარს ქართულ ტექსტებში ლათინური ან სხვა შრიფტის გამოყენება და ყოველთვის მაქსიმალურად ვერიდები ამას. ხშირად მხვდება ქართული ტექსტები, რომლებშიც უამრავი საკუთარი სახელი ლათინური ასოებით წერია და ყოველთვის ნერვები მეშლება. არადა, ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ მრჩება ხოლმე. ერთხელ მქონდა შემთხვევა, როდესაც წიგნში ნახსენები იყო ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Blood, Sweat and Tears. ქართული ასოებით დავწერე, მაგრამ უმაზალოესი რაღაცა გამოდიოდა. გამონაკლისი დავუშვი, სხვა გზა არ იყო.

— რომელი თარგმანით ამაყობთ ყველაზე მეტად?
— ჯონ სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით“ და ხავიერ სერკასის „სალამინის ჯარისკაცები“. პირველი საერთოდ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია და ამიტომაც მიმაჩნია, რომ თარგმანიც ყველაზე კარგი გამომივიდა, მეორე კი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემას, ესპანეთის სამოქალაქო ომს ეხება. სამწუხაროდ, ეს წიგნი ჯერ არ გამოსულა, რადგან პანდემიამ გამომცემლობას პრობლემები შეუქმნა. იმედია, მალე გახდება ხელმისაწვდომი.