„გოგონა და მესიზმრე კაცი“ – წიგნი დღევანდელი კაცობრიობის სამარცხვინო ლაქაზე

ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებით ევროპის“ მხარდაჭერით გამომცემლობა „კლიო“ უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში, სხვა ნაწარმოებებს შორის, ქართულ ენაზე ითარგმნა დაჩა მარაინის რომანი „გოგონა და მესიზმრე კაცი“.

დაჩა მარაინი – ეს საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი, პოეტი, დრამატურგი – არა მხოლოდ კალმით იბრძვის ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ სამოციანი წლებიდან მოყოლებული ჩაბმულია ფემინისტურ მოძრაობაში და აქტიურად იცავს ქალების, ლტოლვილთა თუ უმცირესობათა უფლებებს, ებრძვის რასიზმს, აღვირახსნილ ფუფუნებას და ბავშვთა შრომის დაკაბალებას…
მწერალი თავის რომანში „გოგონა და მესიზმრე კაცი“ ღიად საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელზე გაკვრით ლაპარაკსაც კი ხშირად გაურბიან ადამიანები. არადა, ბავშვთა პროსტიტუციის საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება დღევანდელ მსოფლიოში.
წიგნი იტალიურიდან ქალბატონმა ნუნუ გელაძემ თარგმნა, რომელიც ავტორს პირადად იცნობს. მას რომანის და მწერლის შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

– სამწუხაროდ, ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, ვრცლად ვისაუბრო ამ რომანის ირგვლივ, ამიტომ ვეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო: ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული, ფემინისტი და ქალთა უფლებების აქტიური დამცველი დაჩა მარაინი თავის რომანებში, მასკულისტურ იტალიურ საზოგადოებაში, უმთავრესად, ქალის აუტანელი ყოფის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, ყურადღების მიღმა არ ტოვებს ბავშვთა უფლებების, ამასთან დაკავშირებით სკოლის როლის, რასიზმის, ისლამის დემონიზაციის მწვავე საკითხებს და ამ რომანში, რომელიც 2016 წელს ბოკაჩოს სახელობის პრემიით დაჯილდოვდა, სწორედ ეს თემებია წარმოჩენილი. „გოგონა და მესიზმრე კაცი“ დაჩა მარაინის პირველი რომანია, რომლის პროტაგონისტი არა ქალი, არამედ მამაკაცია, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნანი საპიენცა, ქალიშვილის ნაადრევი სიკვდილით სასოწარკვეთილი მამა, ნაწარმოების უმთავრესი თემა კი არასრულწლოვანთა პროსტიტუციაა, ორი გოგონას, ფატიმას და ლუჩიას შემზარავი თავგადასავალი.
– რატომ შეეჭიდეთ მის თარგმანს და ეს წიგნი რით იქნება საინტერესო ქართველი მკითხველისთვის?
– ნებისმიერი კარგი ნაწარმოები ხომ ზოგადკაცობრიულია და ეს რომანიც მხოლოდ იტალიის პრობლემებზე არ მოგვითხობს, ბავშვთა პროსტუტუციის თემა ჩვენი დღევანდელი კაცობრიობის სამარცხვინო ლაქაა და მის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ვალია. და ამ მხრივ დაჩა მარაინი ძალიან დიდ როლს ანიჭებს სკოლას, სწორ აღზრდას. იტალიაში არაერთმა რეცენზენტმა აღნიშნა, – ნანი საპიენცასნაირი მასწავლებელი ნამდვილად სჭირდება ჩვენს სკოლებსო, რადგან იგი მხოლოდ საგანს კი არ ასწავლის თავის შეგირდებს, არამედ „საკუთარი თავით აზროვნებას“ და ხშირად უამბობს ზღაპრებს, მითებს, ისტორიულ ქრონიკებს – სიფრთხილით, მაგრამ დამაჯერებლად შთააგონებს, რომ არ არსებობს რასობრივი დაყოფა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, განურჩევლად რელიგიური თუ ნებისმიერი მრწამსისა. ვფიქრობ, ბევრი ქართველი მასწავლებლისთვის საინტერესო მაგალითი იქნება ნანი საპიენცას გამოცდილების გაზიარება. ასევე, უაღრესად საინტერესოდ მიმაჩნია რომანში წამოჭრილი ისლამის დემონიზაციის თემა, რაშიც დაჩა მარაინი ჩვეული სიმამაცით ამხელს იტალიურ საზოგადოებას.
სიუჟეტი ძალიან ჰგავს რეალურ ამბავს და მართლაც ხომ არ უდევს საფუძვლად რაიმე ფაქტები, თქვენ როგორ იცით?
– ერთხელ დაჩა მარაინისთან ინტერვიუ ჩავწერე ჟურნალისთვის „ცისკარი“ და მაშინ დავუსვი ასეთი კითხვა: თქვენი ნაწარმოებების კითხვისას ისეთი მძაფრია რეალობის შეგრძნება, ვიტყოდი, დაუნდობელიც მკითხველის მიმართ; ნამდვილია ეს ამბები თუ არა ან საიდან მოდის დღევანდელ საზოგადოებაში ამდენი ძალადობა ქალების მიმართ და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას-მეთქი? მწერალმა ასე მიპასუხა: „თითქმის ყველა სიუჟეტი ნამდვილი ამბავია, მთელ მსოფლიოში შეკრებილი Aმნესტყ Iნტერნატიონალ- ის მიერ, თუმცა ძალადობა ჩვენშიც ბევრია, იტალიაში, ჩვენს ოჯახებში, იმ სუსტი, მხდალი მამაკაცების მიერ ჩადენილი, ქალის დამოუკიდებლობას რომ ვერ ეგუებიან, ქალის თავისუფლება უბედურებად რომ მიაჩნიათ და ოღონდაც არ დაკარგონ მათზე კონტროლი, „ღვთივ დადგენილი და მარადიული უფლება“, ამჯობინებენ მოკლან ცოლი ან შვილი, და ხშირად თავიც მოიკლან. თუმცა, ამას საერთო არაფერი აქვს სქესთან, აქ მთავარი აღზრდა, კულტურაა; ბავშვი არც მოძალადედ იბადება და არც მკვლელად, არასწორი აღზრდის, კულტურული ფორმაციის შედეგად გარდაიქმნება ასეთად. მართალია, კულტურა იცვლება და ზოგიერთები, უფრო ხშირად მამაკაცები, ზოგჯერ ქალებიც, ვერ ეგუებიან ამ გარდაქმნებს, ეწინააღმდეგებიან მთელი ძალით და ამ ჭიდილში წარმოიქმნება პარანოია, დაუნდობლობა, ძალადობა… ამ ყველაფრიდან გამოსვლის უმთავრეს გზად მიმაჩნია სწორი აღზრდა, დაწყებითი კლასებიდანვე ბავშვებისათვის შთანერგვა, რომ არ შეიძლება ადამიანი ვინმეს ფლობდეს, რომ სიყვარული არ ნიშნავს საკუთრებას და მეორე ადამიანზე მბრძანებლობას. ასე რომ, განათლებაზე, წიგნიერებაზე ზრუნვაა საშური საქმე…“
– თქვენთვის ამ წიგნზე მუშაობა დაჩასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არაა. როგორ შეაფასებთ მას, როგორც მწერალს და როგორც ადამიანს? რთულად ხომ არ წერს და მისი წიგნის თარგმნა რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული?
– ქალბატონი დაჩა მარაინი წლების წინ ქალაქ არონას ლიტერატურულ ფესტივალზე გავიცანი და როგორც მოგახსენეთ, მოგვიანებით ვრცელი ინტერვიუც ჩამოვართვი, შემდეგ მისი რომანი „ხმები“ ვთარგმნე და ვემზადებოდით თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ჩამოსასვლელად, ასევე, განზახული გვქონდა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. დაჩა მარაინი მსოფლიოში აღიარებული მწერალია. იგი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული პრემიის მფლობელია, ნობელის პრემიის კანდიდატი და რაც მთავარია, ურიცხვი მკითხველის რჩეული. დედის მხრიდან სიცილიელი ერისთავების ჩამომავალი, არის საოცრად უბრალო, თავმდაბალი ადამიანი. დაჩა, მოგეხსენებათ, მწერალიც არის, პოეტიც, დრამატურგიც, სცენარისტიც, პუბლიცისტიც, ესეისტიც და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს არ მეგულება თანამედროვე ავტორი, ასეთი სადა, დახვეწილი, გასაგები ენით წერდეს, მაგრამ არა უბრალო, ვინაიდან მის შემოქმედებას უთუმცაოდ ეტყობა კლასიკოსის კალამი. არც იმის თქმა შეიძლება, რომ „ადვილი“ მწერალია, მისი ნაწარმოებების წაკითხვას მომზადებული მკითხველი სჭირდება, რადგან აი, ამ რომანშიც – „გოგონა და მესიზმრე კაცი“ იმდენი საინტერესო ავტორი და სიუჟეტი შეგხვდება, იმდენი ისტორიული, თუ გინდ მეცნიერული ინფორმაცია, რომ ხვდები, როგორ მდიდრდები სულიერად.
სხვათა შორის, მისი რომანის – „გოგონა და მესიზმრე კაცი“ თარგმნის ინიციატივა მე არ მეკუთვნის, თავად გამომცემლობა „კლიომ“ შემომთავაზა და უნდა ვთქვა, რომ ქალბატონ ირმა ლიპარტელიანთან ნამდვილად სასიამოვნო თანამშრომლობა შედგა.

გიორგი ლობჟანიძე, რედაქტორი:
– „გოგონა და მესიზმრე კაცი“ დაჩა მარაინის მეორე რომანია ქართულ ენაზე. ორივე ეს რომანი იტალიური ლიტერატურის დიდმა მოამაგემ და ჩინებულმა მცოდნემ – ნუნუ გელაძემ თარგმნა. ამის მიუხედავად, თარგმანი სტილისტურად განსხვავებულიც არის და მსგავსიც. განსხვავებულია დედნისეული აქცენტების გადანაწილებითა და თხრობის რიტმის მონაცვლეობით, მსგავსია სამწერლობო მანერისა და მხატვრული თუ საზოგადოებრივი პრობლემატიკის დასმის თვალსაზრისით.
ორივე წიგნის თარგმანს მთელ ტექსტში მიჰყვება ის საოცარი სიფაქიზე, რაც ძირითადად, ასე დაკარგულია დღევანდელ მთარგმნელობით საქმიანობაში. ახლა ხომ მეტწილად ისეთი თარგმანები იბეჭდება, რომელიც მხოლოდ დედანში არსებულ ან დედნის შესახებ ემპირიულ ინფორმაციას გვაწვდის და სხვა ყველაფერს, მათ შორის ფრაზის ინტონაციას, მხატვრულ საშუალებათა კომპლექსების ადეკვატურ ტონალობას, თითქოს ნაკლები ყურადღება ენიჭება. ნუნუ გელაძის თარგმანი კი, პირველ რიგში, ქართულის საოცარი ფლობით გვაჯადოებს.
სინონიმთა წყვილებიდან ამა თუ იმ ფრაზასა და სიტუაციაში ყველაზე შესაფერისი და ამდენად, ყველაზე უფრო გამომსახველი ერთეულების ამოჩევა ამ სიფაქიზის ერთი ყველაზე უბრალო, მაგრამ ყველაზე ხელშესახები გამოვლინებაა. საერთოდაც, ნუნუ გელაძის თარგმანს ქართულ ენასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოარჩევს და ეს დამოკიდებულება მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილების ძალით ზემოქმედებს. ისე, რომ ადამიანი ფიქრობს, დაჩა მარაინი ალბათ ან იტალიურად, ან მხოლოდ ქართულ თარგმანში ღირს, რომ წაიკითხო.
ამ მწერლის, მე ვიტყოდი, ჩვენი დროის დიდი მწერლის წაკითხვა კი ნამდვილად ღირს, რადგან მისი სააზროვნო არეალი უაღრესად თანამედროვე პრობლემატიკას და ამ პრობლემატიკის მარადიულ ღირებულებებთან მიმართებას მოიცავს. ოღონდ თანამედროვე პრობლემატიკა სრულებითაც არ გულისხმობს აღნიშნული საკითხების ჟურნალისტური მანერით გაშუქებას.
ეს რომანები კლასიკურ საფუძველზე ამოზრდილი დიდი ლიტერატურაა…
„გოგონა და მესიზმრე კაცი“ იტალიასა და მსოფლიოში ბავშვთა პროსტიტუციის პრობლემაზე მოგვითხრობს. თემა უაღრესად დელიკატურია და აქედანვე უნდა ითქვას, რომ ამ დელიკატურობის შესაბამისად, დაჩა მარაინის თხობის სტილი თუ საერთოდ შემოქმედებითი პოზიცია იმდენად ფაქიზია, რომ არანაირ მენტალურ უხერხულობას არ ქმნის.
თუმცა, ეს სიფაქიზე სრულებითაც არ გულისხმობს პრობლემასთან დაკავშირებულ ნაირგვარ, მათ შორის, მწერლურ შიშსა თუ სასოწარკვეთას. დაჩა მარაინი იმიტომაც არის დიდი მწერალი, რომ ის წარმოუდგენლად გამბედავია და ეს გაბედულება, ჩემი აზრით, ყველაზე მკაფიოდ ვლინდება მის ამ ბრწყინვალე რომანში – „გოგონა და მესიზმრე კაცი“.

ჟურნალი „გზა“, #47, 2021

http://gza.kvirispalitra.ge/kveqana/9118-gogona-da-mesizmre-kaci/

სურათზე: დაჩა მარაინი და ნუნუ გელაძე რომანის ქართულ გამოცემით.

ასევე იხილეთ

„ისლანდია ჩემის ინსპირაციის უშრეტი წყაროა“

„ისლანდია ჩემის ინსპირაციის უშრეტი წყაროა“

სულ ახლახანს პროექტის „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“ კიდევ ერთი ახალი გამოცემა - თანამედროვე ისლანდიელი მწერლის, ოფეიგურ სიგურდსნობის „იუონის წიგნი“ შეემატა. წიგნი ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა „კლიოსა“ და „შემოქმედებითი ევროპის“ თანამშრომლობის ფარგლებში. პოეტი...

„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

გამომცემლობა "კლიოს" პროექტი - "დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას" მიზნად ისახავს ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციების გაცნობას. წიგნებში, რომლებიც პროექტის ფარგლებში ითარგმნა, ერთ-ერთი გამორჩეულია "სულჩადგმული მარმარილო", რომლის ავტორი...

ამბავი მოგონებებზე, ფესვების დაკარგვასა და მის ხელახლა პოვნაზე

ამბავი მოგონებებზე, ფესვების დაკარგვასა და მის ხელახლა პოვნაზე

„საჭიროა საკუთარ ენას ისე მოვუაროთ, როგორც ბაღში დარგულ უძვირფასეს ყვავილს…“ „შემოქმედებითი ევროპა“ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნასა და პოპულარიზაციას, გამომცემლობა „კლიოს“ პროექტი – „დავუახლოვდეთ...

This site is registered on wpml.org as a development site.