2020 წლიდან გამომცემლობა „კლიო“ ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში გამომცემლობა აცხადებს შემოქმედებით კონკურსს „ავტორობანა“ სკოლის მოსწავლეებისთვის შემდეგ კატეგორიებში:
- I. გააგრძელე ამბავი;
- II. მისწერე წერილი;
- III. შექმენი კომიქსი;
კონკურსის პირობები:
მონაწილეებს შეგიძლიათ გაეცნოთ განაცხადის ბოლოს მოცემულ ინსტრუქციებს, შემდეგ შეარჩიოთ შემოთავაზებული კატეგორიებიდან ერთ-ერთი, თქვენთვის ყველაზე მისაღები და საინტერესო მიმართულება, შექმნათ შესაბამისი ნამუშევარი — მოთხრობა, წერილი ან კომიქსი და ნამუშევარი ელექტრონულ ფორმატში (ტექსტი ვორდის ფაილად – *.doc ფორმატი, ხოლო კომიქსები *jpg ან powerpoint-ის ფაილად) გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected]
ნამუშევრების მიღების ვადის დასრულების შემდეგ კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნაშრომის ავტორს (ავტორებს), რომლებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• რამდენად პასუხობს მოცემულ თემატიკას;
• რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მე-2-დან მე-6 კლასის ჩათვლით. მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
ნაშრომის გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა: A4;
- შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
- შრიფტის ზომა: 12;
- გვერდების რაოდენობა: 1-4 გვ;
- კომიქსები შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის მისაღები ტექნიკით და ფორმატით. თუკი ქაღალდზე შექმნით დაასკანეროთ ან ფოტოები გადაუღოთ და გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე; ხოლო თუკი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით შექმნით, გთხოვთ ისეთ ფორმით მოგვაწოდოთ, რომ ჟიურიმ მისი გახსნა და შეფასება შეძლოს (*.jpg ან powerpoint-ის ფაილი სავსებით მისაღები იქნება).
საკონკურსო მასალას თან უნდა დაერთოს ნაშრომის ავტორის/ავტორების მონაცემები.
ინდივიდუალურად მონაწილეობის შემთხვევაში: გთხოვთ დასაწყისში მიუთითოთ კატეგორია, შემდეგ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, სკოლა და კლასი.
ჯგუფის შემთხვევაში: გთხოვთ დასაწყისში მიუთითოთ კატეგორია, შემდეგ ავტორების სახელი და გვარი, ასაკი ან კლასი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, სკოლა.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების არასრულყოფილად მოწოდების შემთხვევაში ნაშრომი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
კონკურსის ეტაპები:
- კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 11 ოქტომბერი;
- ნაშრომების მიღება: 2021 წლის 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით;
- გამარჯვებულების გამოვლენა: 2021 წლის 11 ნოემბერი;
- თითოეულ კატეგორიაში სამ საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს ჟიური!
გისურვებთ წარმატებებს!
შეკითხვების შემთვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: [email protected] ან [email protected], ასევე ტელეფონის ნომრებზე: 593 39 88 99 ან 551 08 90 60 ან მოგვმართოთ მესენჯერში https://www.facebook.com/kliopublishing
ინსტრუქცია
კატეგორია I. გააგრძელე ამბავი
ჩვენ ორი წიგნის – ორი სხვადასხვა ამბის დასაწყისს გთავაზობთ, თქვენ შეგიძლიათ აქედან ერთი ამბავი შეარჩოთ, შემდეგ მოიფიქროთ და დაწეროთ თქვენი ვერსია – რა მოხდა მერე?
1.
ლუს ცხოველები არ უყვარდა, ეშინოდა მათი. განა არ შეიძლება, კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ცხოველები არ გიყვარდეს? ძალად სიყვარული გაგონილა?.. – ფიქრობდა გოგო, მაგრამ მშობლებს არ ესმოდათ მისი, მშიშარა და მარტოსულიაო, ამბობდა ბებო და ამიტომაც ჯერ წიგნი აჩუქა ძაღლებზე, შემდეგ კი, სულაც, ლაბრადორის ლეკვი მოუყვანა.
ლუ მართალი იყო, სიყვარული ბრძანებით არ მოდის… ვერაფრით შეიყვარა ეს ბეწვის ბურთი, რომელიც გულს ურევდა, უთავმოყვარეოდ სულ უკან დასდევდა, სახლს აბინძურებდა, ყველაფერს ღრღნიდა. ძაღლი მის უბედურებად იქცა, როგორმე თავიდან უნდა მოეშორებინა…
თუმცა, ერთ დღესაც ბეწვის ბურთმა პატარა გოგოს უსახური ცხოვრება თავდაყირა დააყენა: მოხდა ის, რაზეც ლუ ოცნებასაც ვერ ბედავდა…
ნეტავ, რა მოხდა?
2.
მარტენის კლასელებს ჰგონიათ, ძალიან დიდები არიან, თოვლის პაპის არსებობა რომ დაიჯერონ. ეჭვი არ ეპარებათ, რომ საჩუქრებს მშობლები ყიდულობენ და ნაძვის ხის ქვეშ აწყობენ.
თუ ეს არის დიდობა, იდიოტობაა, – ფიქრობს ბიჭი და მის აზრს მხოლოდ ერთი მეგობარი – მანონი იზიარებს.
შობის წინა ღამეს მარტენმა და მისმა თანამოაზრე მანონმა გადაწყვიტეს, მთელი ღამე თვალი არ მოეხუჭათ, რათა მშობლებისთვის ეთვალთვალათ და საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, რომ საჩუქრებთან ისინი არაფერ შუაში იყვნენ.
ის ღამე კრიმინალური ქრონიკის დასაწყისად იქცა…
ნეტავ, რა მოხდა?
კატეგორია II. მისწერე წერილი
ხშირად ხდება, რომ ვინმესთვის თავს გადამხდარი ამბის მოყოლა გინდა, ან სურვილი გაქვს, ვინმეს შენს ყოველდღიურობაზე, საიდუმლოზე, იმედგაცრუებაზე ელაპარაკო, მაგრამ არ იცი, ვის. ასეთ დროს შეგიძლია დაწერო წერილი, რომელსაც არსად არ გაგზავნი, არც პასუხს მიიღებ, მაგრამ სათქმელს იტყვი.
მსგავს წერილებს წერდა ჩვენი წიგნის გმირი ლუ და, წარმოიდგინეთ, ცხოვრება გაუადვილდა.
სცადე შენც! დაწერე წერილი, რომელშიც საინტერესო ამბავს მოყვები, რეალურს ან გამოგონილს; ამბავს, რომელიც სხვასაც დააინტერესებს და საფიქრალს გაუჩენს.
კატეგორია III. შექმენი კომიქსი
ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნაწყვეტები წიგნებიდან (იხ. კატეგორია I) შესაძლებლობას გაძლევთ, ამბავი კომიქსად აქციოთ და ისე გააგრძელოთ. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გეძლევათ, ხატვის ნიჭიც გამოავლინოთ.
თხრობას, როგორც კომიქსს შეჰფერის, ძირითადად დიალოგებითა და მოკლე წინადადებებით შეძლებთ.