სულ ახლახანს პროექტის „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“ კიდევ ერთი ახალი გამოცემა – თანამედროვე ისლანდიელი მწერლის, ოფეიგურ სიგურდსნობის „იუონის წიგნი“ შეემატა. წიგნი ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა „კლიოსა“ და „შემოქმედებითი ევროპის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

პოეტი და პროზაიკოსი ოფეიგურ სიგურდსონი რეიკიავიკში, 1975 წლის 2 ნოემბერს დაიბადა. თავდაპირველად მისი პოეტური დებიუტი შედგა – 2001 წელს მისი ლექსების კრებული „ზამთრის სიბნელის გულშემატკივრები“ გამოიცა, რომელმაც მაშინვე მიიპყრო კრიტიკოსთა ყურადღება. შემდეგში სიგურდსონმა კიდევ ექვსი პოეტური კრებული და ხუთი რომანი გამოსცა, მათ შორის „იუონის წიგნი“, რომელმაც 2011 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი დაიმსახურა.
მწერალი სათავეში უდგას ახალგაზრდა ისლანდიელ შემოქმედთა პოეტურ მოძრაობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ცდილობენ, ისლანდიური პოეზიის ფორმა შეცვალონ.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მწერალთან, რომელშიც ის თანამედროვე ისლანდიურ ლიტერატურაზე საუბრობს და მსჯელობს იმაზე, თუ რა განაპირობებს წიგნის წარმატებას.

— რა იყო მწერლის კარიერამდე?
— თავდაპირველად, დანიასა და ისლანდიაში ვიზუალურ ხელოვნებას ვსწავლობდი, თუმცა, პარალელურად, ყოველთვის ვუთმობდი დროს პოეზიას,  რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩემგან მხოლოდ ცუდი მხატვარი თუ დადგებოდა. ზოგადად, არასდროს მიყვარდა სახელოვნებო სამყაროს ზედაპირულობა, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ეული პოეტი გავმხდარიყავი. პოეზიით დავიწყე, ლექსებს ახლაც ვწერ, პარალელურად, შედარებით უფრო და უფრო გრძელ პროზაულ ნაწარმოებებსაც ვქმნიდი, სანამ არ მივხვდი, რომ უკვე დრო იყო დიდ რომანზეც დამეწყო მუშაობა.

— თქვენი ახალგაზრდობის წლების გამოცდილება – მუშაობა დარაჯად, მტვირთავად, ქარხანაში მუშად – გეხმარებათ თუ არა წერის დროს?
ჩემი პროფესიული კარიერის შექმნა მხოლოდ და მხოლოდ წერით მსურდა, ამიტომ, ძირითადად ისეთ სამსახურს ვუთმობდი დროს, სადაც მხოლოდ მცირე პერიოდით გავჩერდებოდი, ისევ იმისთვის, რომ წერა შემძლებოდა და საცხოვრებლად ცოტა ფული მქონოდა. ვცდილობდი ისეთი საქმე მეპოვა, სადაც მაქსიმალურად ცოტას ვიმუშავებდი, მომწონდა დარაჯობა, რადგან სასტუმროს მისაღებში ჯდომისას წერაც საკმაოდ ადვილად შემეძლო და მხატვრული ლიტერატურის კითხვაც. ამ სამუშაო გამოცდილებამ ასევე საკმაოდ კარგი წარმოდგენა შემიქმნა ზოგადად სოციუმის შესახებ, რაც წერისას არანაკლებ მეხმარება.

— რამდენად რთული იყო პირველი წიგნის გამოცემა?
— ჩემი პირველი წიგნი  პოეტთა მცირე კოლექტივის დახმარებით გამოქვეყნდა, რომლებიც ერთმანეთს აქტიურად ეხმარებოდნენ ნამუშევრების დაბეჭდვაში. ბეჭდვის ფული თავად გადავიხადე და რეალიზებაც თავად მიწევდა, საკუთარი ხელით დამქონდა წიგნები ქუჩაში და კაფე-ბარებში, სადაც საღამოს საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა. ჩემმა პირველმა რომანმა საგამომცემლო სახლის კონკურსში გაიმარჯვა, კატეგორია საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტს მოიცავდა, თუ რაღაც მსგავსს. მაგრამ რომანი  „იუონის საგა“  პირველი აღიარება და წარმატება იყო, ჩემი  საყვარელი გამომცემლობის მიერ წიგნის გამოცემამ და უსაყვარლესი რედაქტორის მიერ რომანზე გაწეულმა სამუშაომ, უკვე თამამად ჩამომაყალიბა ნამდვილ მწერლად. ბოლოს და ბოლოს მწერალი გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში რამდენიმე წიგნი უკვე გამოქვეყნებული მქონდა, ახლა, უპირველესად, საკუთარი თავი დავაჯერე ამაში.

— რა შეცვალა ევროკავშირის ლიტერატურულმა პრემიამ თქვენს კარიერაში?
— პრიზმა ბევრი ახალი შესაძლებლობა შეუქმნა ჩემს წიგნს, ნაწარმოები ითარგმნა რამდენიმე უცხო ენაზე, რაზეც მხოლოდ თუ ვიოცნებებდი. ისლანდიური ლიტერატურული ბაზარი საკმაოდ პატარაა, მხოლოდ 300 ათასი ადამიანი ლაპარაკობს აქ მშობლიურ ენაზე, თუმცა, ამავდროულად,  ცხოვრებით აღსავსე და ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ინსპირაციის უშრეტი წყაროა.

— თქვენი რომანი „იუონი“ რეალურად არსებულ პიროვნებაზე, ისლანდიელებისთვის კარგად ცნობილ ისტორიულ გმირზე იოან შტაინგრიმსონზეა (Jón Steingrímsson), თუმცა ისტორიულ რომანს ვერ დავარქმევდით. რატომ აირჩიეთ ეს პერსონაჟი, რა იყო თქვენი მიზანი?
— შემიძლია ვთქვა, რომ ეს, გარკვეულწილად მისტიკაც იყო, თითქოს მან თავად ამირჩია. ჯონმა დაწერა ფანტასტიური ავტობიოგრაფია, რომელიც ისლანდიური ლიტერატურის საკმაოდ მნიშნელოვანი და ღირებული ნაწილია, მე ეს ყველაფერი მხოლოდ ძალიან მახარებს. იგი წერის ნამდვილი დიდოსტატი არის, შესაბამისად არ იქნებოდა სწორი, რომ მის სახელს ამოვფარებოდი და ამგვარად შემექმნა ლიტერატურა. ამის ნაცვლად, სრულიად გაუაზრებლად, ინსტიქტურად, მისი ცოლისთვის დავიწყე წერილების მიწერა, თითქოს ქმარი თავად ვყოფილიყავი, წარმოდგენაც არ მქონდა რას ვაკეთებდი, თუმცა ბოლოს რომანი გამომივიდა, სადაც აღვწერე წელი, რომელიც მან გამოქვაბულში გაატარა, ავტოგრაფიაში დროის ამ მოკლე მონაკვეთის შესახებ არაფერია ნათქვამი, გარკვეულწილად მისი ცხოვრების ის შრე შევავსე, რომელზეც თავად მხოლოდ დუმდა.

— ნამდვილად არსებობს წერილები, რომლებსაც გმირი თავის ცილს სწერდა?
— შემიძლია ვთქვა, რომ ეს, გარკვეულწილად მისტიკაც იყო, თითქოს მან თავად ამირჩია. ჯონმა დაწერა ფანტასტიური ავტობიოგრაფია, რომელიც ისლანდიური ლიტერატურის საკმაოდ მნიშნელოვანი და ღირებული ნაწილია, მე ეს ყველაფერი  მხოლოდ ძალიან მახარებს. იგი წერის ნამდვილი დიდოსტატი არის, შესაბამისად არ იქნებოდა სწორი, რომ მის სახელს ამოვფარებოდი და ამგვარად შემექმნა ლიტერატურა. ამის ნაცვლად, სრულიად გაუაზრებლად, ინსტიქტურად, მისი ცოლისთვის დავიწყე წერილების მიწერა, თითქოს ქმარი თავად ვყოფილიყავი, წარმოდგენაც არ მქონდა რას ვაკეთებდი, თუმცა ბოლოს რომანი გამომივიდა, სადაც აღვწერე წელი, რომელიც მან გამოქვაბულში გაატარა, ავტოგრაფიაში დროის ამ მოკლე მონაკვეთის შესახებ არაფერია ნათქვამი, გარკვეულწილად მისი ცხოვრების ის შრე შევავსე, რომელზეც თავად მხოლოდ დუმდა.

— სამწერლო მოღვაწეობა პოეზიით დაიწყეთ, რამდენიმე პოეტური კრებული გაქვთ გამოცემულია. მას მოჰყვა სამი რომანი. და მაინც, პოეზია თუ პროზა? იჭრება თუ არა თქვენს პროზაში პოეზია?
— როცა პროზის წერა დავიწყე, პოეზიას თავი დავანებე. თუმცა ბევრ ჩემს ნაწარმოებში შეგიძლიათ ნახოთ პატარა ლექსები და რითმები, ერთგვარად ვერთობოდი-ხოლმე ამით. რომანისტმა მწერალმა ჩაყლაპა პატარა პოეტი, რომელიც წარსულში ჩემში ცხოვრობდა.

— თქვენ იყავით ერთ-ერთი „რევოლუციონერი“, რომელმაც ისლანდიური პოეეზის ფორმა შეცვალა. რაში გამოიხატა ეს ცვლილება?
— მე, მიუხედავად იმისა, რომ ენობრივი ექსპერიმენტები მიყვარს, მაინც ტრადიციონალისტად ვთვლი თავს. საკმაოდ ბევრ შუა-საუკუნის ნაწარმოებს ვკითხულობ, მიყვარს ისლანდიური საგების ატმოსფერო და მისი მთელი ეს განსხვავებულობა. ასევე ვკითხულობ ფერმერების პირად ჩანაწერებს, რომლებიც შედარებით გვიანდელ წლებში არის შექმნილი. ვიმედოვნებ ტრადიციის ნაწილი ვარ, სულ ცოტა, ვცდილობ მაინც.

— ქართველი მკითხველისთვის ისლანდიური მწერლობა უცხო არა არის. მე ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს წიგნს გავიხსენებ: ეს იყო სტეფაუნ იოუნსონის „პატარა ჰიალტის საგა“. ისლანდია მე და ბევრმა ჩემმა თანატოლმა ამ წიგნით გავიცანით და შევიყვარეთ. თქვენი რომანებიც საინტერესო მასალას აწვდიან მკითხველს ისლანდიის შესახებ. ამას გამიზნულად აკეთებთ თუ ბუნებრივად ხდება?
— ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება, იმ ლიტერატურული ტექსტების გავლენაა, რომელსაც მე ვკითხულობ. ძალიან მიყვარს ძველი ისლანდიური ტექსტების კითხვა, ფერმერების მიერ დაწერილი ტექსტების, რომლებმაც საკუთარი მიწა ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, ისინი ყველაფერს ბუნებრივად და უმცირეს დეტალებამდე აღწერდნენ, ერთმანეთში აზავებდნენ ოცნებებს, ლანდშაფტებს, საგზაო მარშრუტებს, ამინდსა და ბუნებრივ კატასტროფებს. მაგალითად, თუ არასდროს გინახავთ ყინულოვანი ვულკანის ამოფრქვევა, როგორ დაახასაითებთ ამ მოვლენას წერილში, რომელსაც წერთ ადამიანს, ვისთვისაც ეს მოვლენა, თქვენს მსგავსად, სრულიად უცხო და ეფემერულია. როგორ გადმოცემთ იმ ძალას, ნგრევას, სიგიჟეს და სილამაზეს, რომელიც ამ მოვლენას თან ახლავ.

— თქვენი წიგნები ბევრ ენაზეა თარგმნილი. რამდენად არის შესაძლებელი თარგმანში იმის შენარჩუნება, რასაც მწერალი შეფარვით დებს თავის ნაწერში: მაგალითად, ქვეტექსტების, იუმორის, რიტმის…
— თარგმანი, ჩემი აზრით, საკუთრივ ხელოვნების ფორმაა, შესაბამისად, მგონია, რომ ავტორს მასზე დარდი არ ევალება. მხოლოდ იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ყველაფერი კარგად გამოვა. ავტორს ამ შემთხვევაში მხოლოდ პრაქტიკული დახმარების გაწევა შეუძლია, თუ მთარგმნელს რაიმე სახის კითხვა უჩნდება ან ამბივალენტური წინადადებების მნიშვნელობა არ ესმის, ამ შემთხვევაში შესაძლოა ავტორის როლი მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

— თქვენმა ბოლო რომანი Öræfi ლიტერატურულ სენსაციად აღიარეს. რაზეა დამოკიდებული წიგნის ბედი? რა ფაქტორები განაპირობებს მის წარმატებას?
— ძალიან კარგი კითხვაა, ნეტავ შემეძლოს პასუხის გაცემა! ბევრი ფაქტორია, თუმცა შევეცდები. გამოცემის თარიღი არის მნიშვნელოვანი, ყველაფერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, სოციალური ატმოსფერო, ასევე მნიშვნელოვანია ის გამოხმაურება, რომელიც ავტორის წინა წიგნებს მოჰყვა მკითხველისგან და ლიტერატურული კრიტიკოსებისგან. ფორმულასავით ჟღერს, მაგრამ, სინამდვილეში არ არის. საკმაოდ საინტერესო თემაა, თუმცა შევეცდები ბევრი არ ვილაპარაკო. წერაა ჩემთვის მთავარი და კითხვა, ეს მანიჭებს სიამოვნებასა და სიხარულს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უშუალოდ წიგნი გამოცემა უფრო ნერვიულობასთან ასოცირდება. შესაბამისად, ჩემი სამუშაო გარემო ჩემი თავშესაფარია, გამოქვაბული – თუ გნებავთ.

— წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს წიგნებს. იმედეს ვიტოვებთ, ქართველი მკითხველი თქვენს სხვა ნაწარმოებებსაც მალე გაეცნობა.

ასევე იხილეთ

„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

გამომცემლობა "კლიოს" პროექტი - "დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას" მიზნად ისახავს ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციების გაცნობას. წიგნებში, რომლებიც პროექტის ფარგლებში ითარგმნა, ერთ-ერთი გამორჩეულია "სულჩადგმული მარმარილო", რომლის ავტორი...

კლასიკურ საფუძველზე ამოზრდილი დიდი ლიტერატურა

კლასიკურ საფუძველზე ამოზრდილი დიდი ლიტერატურა

„გოგონა და მესიზმრე კაცი“ – წიგნი დღევანდელი კაცობრიობის სამარცხვინო ლაქაზე ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებით ევროპის“ მხარდაჭერით გამომცემლობა „კლიო“ უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში, სხვა ნაწარმოებებს...

ამბავი მოგონებებზე, ფესვების დაკარგვასა და მის ხელახლა პოვნაზე

ამბავი მოგონებებზე, ფესვების დაკარგვასა და მის ხელახლა პოვნაზე

„საჭიროა საკუთარ ენას ისე მოვუაროთ, როგორც ბაღში დარგულ უძვირფასეს ყვავილს…“ „შემოქმედებითი ევროპა“ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნასა და პოპულარიზაციას, გამომცემლობა „კლიოს“ პროექტი – „დავუახლოვდეთ...

This site is registered on wpml.org as a development site.