ჰიპოთეზა პირველი: ვინც უდაბნოში მიდის – მაგალი იქნება ეს, ბენი თუ ის ავტოსტოპით მოგზაური – აუცილებლად საიდანღაც გარბის.
ის გზა, რომელზეც „რენო მეგანმა“ გადაუხვია, ასე დეტალურად რომ ჰქონდა აღწერილი იმ ავტოსტოპით მოგზაურს, აღმოჩნდა სანაპიროსთან დამაკავშირებელი ძალიან ვიწრო არტერია, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა გამომშრალი, მტვრიანი და უსახური ლანდშაფტები და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ბენზინგასამართი სადგურის ჰალუცინაციურ გაგრძელებას, სადაც კარბიურატორის სუნით გაჟღენთილი ბიდონები და ცისტერნები იდგა. უკვე წლები იყო გასული, რაც ბენს მსგავსი საგზაო ნიშნები არ ენახა – ეს ბეტონის ნაჭრები წითელი ნახევარწრეებით (ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც ამ მოგზაურობის დროს ბავშვობას გაახსენებს: როგორ გამოჰყავდა სკოლიდან მამამისს, ხელში მწვანე ჩანთა ეჭირა და სიგარეტისგან ფრჩხილები გაყვითლებოდა). ბეტონი და ასფალტი სულ ბზარებით არის სავსე. ბენი უყურებს, როგორ ენაცვლება ერთმანეთს ქვიშის, ხრეშისა და ბალასტის ბორცვები, ბეტონსარევები, შლაკი, გაზის ქარხანა, ტუმბოები და პილონები: ჰორიზონტი ისე იცვლება, როგორც ფანტასტიკური ჟანრის ზოგიერთ ფილმში ბედის გენიოსების მიერ განსაზღვრულ კოშმარებში ხდება ხოლმე – ისეთი პერსონაჟების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ სხვა მსახიობების არანორმალური ქცევა წაახალისონ და ერთ-ერთ მათგანთან ბენი ნამდვილად აკავშირებს იმ რუსს, რომელიც ცოტა ხნის წინ გადავიდა მათი მანქანიდან: ერთგულ, უნაკლო და სამაგალითო პირად მცველს, რომელიც შეიძლება ჰოლივუდის რომელიმე ცნობილ გმირს ჰყავდეს. რაღაც მომენტში ბენი ნანობს, ამ მანქანაში რომ ზის და ამ ყველაფერს ცუდ სიზმართან აიგივებს. ახლა მხოლოდ ის უნდა, რომ სახლში დაბრუნდეს, მამამისის ალმერიისნომრებიან მანქანაში აღმოჩნდეს ან, ბოლოს და ბოლოს, გაიღვიძოს.
მაგრამ მაგალი…
ეს მისი იდეა იყო. სწორედ მან სთხოვა ბენს, ამ მოგზაურობაში გამომყევიო. სწორედ მან თქვა ისეთი სიტყვები, რომლებმაც ერთიც და მეორეც თავიანთი შესაბამისი სიმარტოვიდან გამოიყვანა და ესპანეთის ზღვის სანაპიროზე დაპატიჟა. ნებისმიერი, ვინც მათ დაინახავდა, იფიქრებდა, იჩხუბეს და ერთმანეთს არ ელაპარაკებიანო; ან კიდევ იმას, რომ არანორმალურები არიან და ხალხის შეშინება სურთო, თუმცა, ეს გოგონა ძალიან ლამაზია, უცნაურად ლამაზი საიმისოდ, რომ მის გვერდით ასეთი ფეთხუმი და საკუთარ თავში ჩაკეტილი მამაკაცი იჯდეს. თავზეც ეს ნაიარევი… მის ბავშვურ სახეს მამაკაცურობას სძენს.